თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ათდღიანი მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „საქართველო–ნატოს სწავლება 2016“ დასრულდა.
სწავლების დახურვის ცერემონია „ვაზიანის“ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის ამაღლება.
„ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება. სწავლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, გენერალ-მაიორმა ვილჰელმ გრუნმა ჩემთან საუბარში ცალსახად აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა“, – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.
საქართველო–ნატოს შემდეგი წვრთნების ჩატარება სამი წლის შემდეგ არის დაგეგმილი, მაგრამ ქართული მხარის თხოვნით ის შეიძლება უფრო ადრეც ჩატარდეს.
„საქართველო-ნატოს სწავლება 2016“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს დაიწყო.
მრავალეროვნული ბრიგადა დაკომპლექტებული იყო 250 ოფიცრით საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, სლოვენიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და მაკედონიიდან. ბრიგადას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ხელმძღვანელობდა.
სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ ნატოს მოკავშირეების ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და ნატოს გაერთიანებული ძალების სწავლების ცენტრი (JFTC).
წვრთნები ტარდება „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვაში.
„არსებითი პაკეტის“ ფარგლებში საქართველო-ნატოს პირველი ერთობლივი წვრთნები Agile Spirit 2015 გასულ წელს გაიმართა.