თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე–მცენარე დარგეს, იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური.
როგორც პრეს–სამსახურის ინფორმაციაში ნათქვამი, გამწვანების ღონისძიებაზე დაირგო 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი. კონტრაქტორი კომპანია ხე-მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.
აქციაში მონაწილეობდა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელიც ღონისძიებაზე შვილთან ერთად მივიდა.
„კომპანია "აეკომმა", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა დედაქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით უკეთესი გარემოს შექმნაში. ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“, — განაცხადა ნარმანიამ.
აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე დაირგვება.