თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ილია მეორე მოსკოვში გუშინ ქუთაისიდან პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ გაემგზავრა. მას ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).
20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის, საღამოს კი ქართულ დიასპორას შეხვდება.
ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.