თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი რეჟისორი და საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწფო თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გიზო ჟორდანიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას", — ნათქვამია თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე.
გიზო ჟორდანიამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. ასევე, განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში, აღნიშნავენ თეატრში.
გიზო ჟორდანია ლანჩხუთის რაიონში 1943 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 1958 წელს მან თბილისი სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. დამდგმელ-რეჟისორად მუშობდა რუსთაველის, გრიბოედოვისა და ფალიაშვილის სახელობის თეატრებში.
1991-1999 წლებში გიზო ჟორდანია თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი იყო.
გიზო ჟორდანია დრამატული თეატრის, ოპერისა და თეატრალური პედაგოგიკის პრობლემატიკაზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ჟორდანიას მიერ მიღებულ ჯილდოებს შორისაა — შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, ალექსანდრე პოპოვის, ალბერტ შვაიცერის მედალი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
მის სახელთანაა დაკავშირებული სპექტაკლები: „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” და სხვა.
გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით “აბესალომ და ეთერი” 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.