თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს ხუთი საპარლამენტო ფრაქცია, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა.
მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ წარმომადგენლები გაერთიანდნენ ორ ფრაქციაში — „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება — მრეწველები“. ამ ფრაქციებს მამუკა მდინარაძე და სიმონ ნოზაძე ჩაუდგებიან სათავეში. ნოზაძემ პარლამენტში კენჭი იყარა ბლოკიდან „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.
ასევე ორი ფრაქციით არის წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა“ უხელმძღვანელებს ნიკა მელია, ხოლო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“ — ელენე ხოშტარია.
კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა. ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“ გიორგი ლომია უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა, მისი ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არჩილ თალაკვაძე იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით შედგენილი საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.