თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც სიტყვით მიმართა დეპუტატებს და გამარჯვება მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებსა თუ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებისა და გაშუქების პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა და ის „სკოლის დირექტორის თითის ქნევას“ შეადარა.
„თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მისმა დღევანდელმა ტონმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი. მე ამ დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი და ეს განწყობა გაამყარა პრეზიდენტმა, თითქოს უცებ დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის აზრით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი, ვიდრე იყო პარლამენტი აქამდე.
„არის მიმართულები, რომლებიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ. მართლმსაჯულების მიმართულება არის ერთ-ერთი და პოლიტიკური პატიმრების საკითხის ბოლომდე მიყვანა, ეს არის ის ნაწილი, რომელმაც მე დამაინტერესა“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კონსტიტუციის იმ ნორმის ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, რაც, მისივე თქმით, გრძელვადიანი პროცესია.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. 150 დეპუტატიდან 77 პარტიული სიით, 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.