თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა. კანონმდებლებმა რეგისტრაციის პროცედურა დილიდანვე გაიარეს.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. 150 დეპუტატიდან 77 პარტიული სიით, 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.
პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელმაც სიტყვით მიმართა დეპუტატებს და გამარჯვება მიულოცა.
„არჩევნები შედგა. შედგა მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად, საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებსა თუ საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვებისა და გაშუქების პროცესში.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შემადგენლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.
„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში მეტ კონკურენციას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.