თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობის წევრები, რომელთაც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ, მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.
მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან, სანამ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, — აღნიშნულია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს „ქართული ოცნება“, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შემდეგ კვირაში, ორშაბათს წარუდგენს. წინასწარი ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატი კვლავ გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს შეთავაზებული კანდიდატურის წარსადგენად შვიდი დღე ექნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდდღიან ვადაში არჩევს მინისტრების კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პრემიერმა მთავრობის პროგრამაც უნდა წარადგინოს.