თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დავალება გასცა – იმუშაონ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე.
„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგორ კონონენკოსა და გრანოვსკის — პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციული პირამიდის სასამართლო საქმეების არაფორმალურ კურატორს, სასამართლოს გზით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის მომზადება დაავალა“, — დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის" გვერდზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას, თუ ადამიანს სხვა მოქალაქეობა არა აქვს. სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
„ამ გადაწყვეტილებას სამართალთან საერთო არაფერი ექნება და მხოლოდ განამტკიცებს ჩემს და მთელი, უკვე მრავალათასიანი გუნდის გადაწყვეტილებას – ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში 2015 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შტატგარეშე თანაშემწე გახდა, ასევე — პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2015 წლის მაისიდან სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობიდან ის საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ გადადგა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.