თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას გეგმავს.
„ჩვენი მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რაც შეიძლება მოკლე ვადებში“, — განაცხადა სააკაშვილმა. მისი გამოსვლა „უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის“ ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცა.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრას ის ჯერჯერობით არ აპირებს.
„პოროშენკოსთან მხოლოდ მაშინ მივალ, როდესაც რადაში არჩევნების დანიშვნისთვის მზად იქნება. მანამდე მასთან არც ერთი შეხვედრა არ მექნება… როცა ყველა შევიკრიბებით, კონსოლიდაციას მოვახდენთ, როცა ბევრნი ვიქნებით, რა თქმა უნდა, მივალ პირადად მასთან, რათა მან პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ხელი მოაწეროს“, — განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.
უკრაინის კანონმდებლობით, ქვეყნის უმაღლესი რადის არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში 2015 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უშტატო თანაშემწე გახდა, ასევე — პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2015 წლის მაისიდან სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობიდან ის საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ გადადგა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.