თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.
უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო, როდესაც ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შტატგარეშე მრჩეველი და ასევე პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, თუმცა, ამ დღეებში სააკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
„მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ ახალ, ფართო პოლიტიკურ ძალას დავაფუძნებთ — ახალი ძალების პლატფორმას, რომლის მიზანიც იქნება არსებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელიტის, სინამდვილეში კი საზოგადოების ნარჩენებისა და „ბარიგების“ შეცვლა, რომელიც რადას, მინისტრთა კაბინეტს და უკრაინის ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს“, — განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილის გამოსვლის ტრანსლირება „უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის“ ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში მოხდა.