– ბატონო ნიკა, რამდენად აისახება საქართველოზე ამერიკის ახალი პრეზიდენტის ურთიერთობა რუსეთთან და რა პერსპექტივებს ხედავთ მისი წინასაარჩევნო განცხადებებების შემდეგ?
— არ ვფიქრობ, რომ ტრამპი შეარბილებს პოლიტიკას რუსეთის მიმართ. საქართველოსთან მიმართებით კი იგივე პოლიტიკა გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ასევე გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის დახმარებები. მაგრამ თუ მოხდა მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოება, აშშ საქართველოს არ გასწირავს, როგორც ეს მოხდა ობამას პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, „გადატვირთვის“ პოლიტიკის დროს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შემდეგ ტრამპის რიტორიკა შეიცვალა, არა მარტო რუსეთის მიმართ, ასევე საფრანგეთისაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორ პოზიციას დაიკავებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთის და, ზოგადად, ევროპის მთელი რიგი ქვეყნების მიმართ, ჯერაც გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობების საქართველოზე გავლენებზე საუბარიც ნაადრევია.
– „რუსთავი 2“-ზე გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. სახეზეა განხეთქილება. რამდენად სერიოზულია ეს დაპირისპირება და როგორ აისახება ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოზე?
— განხეთქილება ნამდვილად არის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაყოფილია ორ ნაწილად. ერთი ჯგუფი მხარს უჭერს ისევ სააკაშვილს და მიაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარე იგი უნდა იყოს, ხოლო მეორე მხარე მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში არყოფნა ძალიან აზარალებს პარტიის ქმედითუნარიანობას და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, წინ არის საპრეზიდენტო და მუნიციპალური არჩევნები და ამ ბრძოლაში მათ ჰყავთ საერთო მოწინააღმდეგე „ოცნების“ სახით. ანუ, ინტერესების თანხვედრა სახეზეა და, ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტორი გახდება განმსაზღვრელი პარტიის მომავლის გათვალისწინებისას. საბოლოო ჯამში, ალბათ, „ნაციონალები“ შეინარჩუნებენ ერთიანობას, რადგან სააკაშვილის ქარიზმატულობა მათ სჭირდებათ, თუ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციები გააჩნიათ. სააკაშვილი, თავის მხრივ, უკრაინის ფრონტზე აპირებს გააქტიურებას. მას იქაც ჰყავს მხარდამჭერები და, სავარაუდოდ, შესძლებს კიდეც გარკვეული ოპოზიციური ძალების თავის მხარეზე გადმობირებას. არჩევნებზე ბარიერის გადალახვასაც მოახერხებს, თუმცა არ მგონია, ისეთი ძალა ჰქონდეს, რომ რომელიმე საკვანძო პოსტზე ვიხილოთ უკრაინაში – პრემიერად ან პრეზიდენტად. ყველა შემთხვევაში, ის დარჩება აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად უკრაინაშიც და პარალელურად გააგრძელებს საქმიანობას საქართველოშიც.
თენგიზ ჩოჩუა