თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლიდან საქართველოში პედაგოგები გამოცდებს თავიანთ საგნებში აღარ ჩააბარებენ, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მომავალში მასწავლებლებს შეამოწმებენ პედაგოგიური უნარ-ჩვევების დონეზე და ამას ერქმევა არა გამოცდა, არამედ „კვალიფიკაციის დადასტურება“.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ამას ერქმევა „კვალიფიკაციის დადასტურება“, „კვალიფიკაციის ამაღლება“, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი – არავითარ შემთხვევაში“, — განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში ის საზოგადოებას ვრცელ სტრატეგიას გაუზიარებს, რომელშიც გაწერილია მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებზე იმუშავებს სამინისტრო.
მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემაში გატარდება ისეთი კურსი, რომელსაც შემდგომი მინისტრებიც აქტიურად გააგრძელებენ. პროცესი კი იქნება გამჭვირვალე და მასში ყველა მსურველი ჩაერთვება.