თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო წარმოდგენილი, ამიტომ რუსეთიდან მეწარმეების ვიზიტი კანონიერია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში ქართულ-რუსული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრის კომენტირებისას.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ რუსი და ქართველი ბიზნესმენების თხოვნით ერთდღიანი ღონისძიება გამართა, რომელშიც ათი რუსული კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც სამშენებლო, ენერგეტიკის, ტურისტულ და სარეკლამო სექტორს წარმოადგენდნენ.
„საქართველოში რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო წარმოდგენილი, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოვიდნენ და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო თუ სავაჭრო პოტენციალით დაინტერესდნენ“, — განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ქართული მოსახლეობის ინტერესებშია.
„თუმცა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნებისმიერი განვითარება, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარეობს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ მოხდება“, — აღნიშნა ციხელაშვილმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%–ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.
2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას.