თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში დამნაშავედ სცნო და 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
პეტრიაშვილზე თავდასხმა თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე 26 თებერვალს მოხდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და ზურგისა და თავის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ დროს პეტრიაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი იყო.
სასამართლო მოსმენებისას დაკითხეს 110 მოწმე, შეისწავლეს ექსპერტიზის დასკვნები და ნივთმტკიცებულებები. ბრალდების მხარემ სასამართლოზე ასევე წარმოადგინა დანაშაულის ადგილას დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და წერილობითი მტკიცებულებები.
მექვაბიშვილი 7 მარტს ბორჯომში დააკავეს. პროკურატურამ საქმე აღძრა სსკ-ის მუხლით „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად“. აქედან გამომდინარე, გამოძიება ამტკიცებს, რომ მექვაბიშვილს თანამზრახველი ჰყავდა. მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
პროკურატურის მონაცემებით, მექვაბიშვილი და მისი თანამზრახველი თავს დაესხნენ პეტრიაშვილს, სცემეს ის ლითონის ჩაქუჩითა და ხელკეტით, შემდეგ ესროლეს რამდენჯერმე და მიიმალნენ.