თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლიგიების განვითარების ცენტრში (ტექნოპარკი) გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრები, 200 კერძო კომპანიის და ასევე დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გლობალური მეწარმეობის კვირეული ერთდროულად მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფეხი აუწყოს თანამედროვე იდეების დინამიკას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებისა და იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იაზროვნოს სამეწარმეო მიმართულებით და აღმოაჩინოს უამრავი შესაძლებლობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტმა იან კელიმ აღნიშნა, რომ სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში დამწყებ ბიზნესმენებს შეუძლიათ გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი რამ ისწავლონ.
„საქართველოსთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ეს გამოცდილების გაზიარებას ეხება“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ამერიკელმა ბიზნესმენმა.
მეწარმეობის კვირეული — საერთაშორისო ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 160 ქვეყანას მოიცავს და მიზნად ისახავს მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას.
პროექტი, რომელიც 14-20 ნოემბრის პერიოდში იმართება, მოწოდებულია ახალი სტარტაპების ჩაშვებისთვის ხელშეწყობაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკის ზრდასა და კეთილდღეობაზე.
კვირეულის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ფორუმები, პრეზენტაციები და ბიზნეს-მოლაპარაკებები გაიმართება.