თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
17:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მეტეხის ხიდზე სავედრებელ პარაკლისს შეასრულებს. პარაკლისის დასრულების შემდეგ, მოწამეთა პატივსაცემად ტრადიციულად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა თბილისს ალყა შემოარტყეს. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. ქართული ისტორიული წყაროები, ჯალალ ად-დინის მიერთ თბილისის დარბევას ასე აღწერენ:
"ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა. ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.