ჰილარი კლინტონს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, პირველი ქალი-პრეზიდენტი გამხდარიყო. მან ხომ სინამდვილეში ამერიკელებისგან 200 ათასი ხმით მეტი მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა დონალდ ტრამპმა (სხვათა შორის, იგივე მოხდა ბარაქ ობამასა და მიტ რომნის შემთხვევაშიც, როდესაც ამ უკანასკნელმა ობამაზე მთელი ერთი მილიონით მეტი ხმა დააგროვა), მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობა მზადაა, ქალბატონს ანდოს საკუთარი ქვეყნის ბედი — აირჩიოს ქალი-პრეზიდენტი.
იგივეს ადასტურებს მიმდინარე წლის მარტში CNN/ORC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევაც. გაირკვა, რომ ათიდან რვა ამერიკელს ქვეყანა მზად მიაჩნია პირველი ქალი-პრეზიდენტისთვის.
და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მომავალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში დაიწყება, დღეს უკვე შეიძლება რამდენიმე ქალბატონის დასახელება, რომლებსაც მსოფლიოს ზესახელმწიფოს მართვის პოტენციალი და შესაბამისად, პრეზიდენტობის შანსი აქვთ.
ჰილარი კლინტონი
ჰილარიმ მართლაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა მისი მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდში, რასაც შემდეგ ნიუ-იორკის სენატორისა თუ ქვეყნის სახელმწიფო-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და გამოცდილებაც შემატა.
ABC News-ის მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ამერიკელების 59 პროცენტის აზრით, კლინტონი ნდობას მაინცდამაინც არ იმსახურებს. ამიტომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს ამ საკითხზე მუშაობა მოუწევს, რათა 2020 წლისთვის შანსები გაიზარდოს.
მიშელ ობამა
ქვეყნის ამჟამინდელი პირველი ქალბატონი წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა ემოციური სიტყვით მოსახლეობის წინაშე და როგორც ჩანს, ამერიკელთა გულები კიდევ მეტად დაიპყრო.
მართალია, მისი პრეზიდენტი მეუღლე გამორიცხავს, რომ მიშელმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰილარის დამარცხების შემდეგ „ტვიტერში“ გაჩნდა უამრავი შეტყობინება ჰეშტეგით #Michelle2020. მოსახლეობა მიშელ ობამას 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და თანაც, ძალიან აქტიურად.
კირსტენ ჯილიბრანდი
„დემოკრატი“ ჯილიბრანდი ნიუ-იორკის შტატის უმცროსი სენატორია. ეს თანამდებობა 2009 წლამდე ჰილარი კლინტონს ეკავა, სანამ ის სახელმწიფო მინისტრი გახდებოდა.
კირსტენ ჯილიბრანდი ქალებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველია. 2014 წელს გამოცემა Times-ს განუცხადა, რომ „ერთხელაც იქნება“, პრეზიდენტის პოსტისთვის დაიწყება ბრძოლას, თუმცა პირველ ქალ-პრეზიდენტად მაინც ჰილარი კლინტონი დაასახელა.
კამალა ჰარისი
ეს მეოთხე აფროამერიკელი „დემოკრატი“ ქალი იქნება ამერიკის სენატში, სადაც ის კალიფორნიის შტატს წარმოადგენს. თუმცა ის ამერიკელი ინდიელების შთამომავალი პირველი ქალია, რომელმაც კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა.
„მე ვაპირებ ბრძოლას. ვაპირებ ბრძოლას იმ ურწმუნოებთან, რომლებიც ამბობენ, რომ კლიმამმტი ვერ შეიცვლება… დადგა ხელების დაკაპიწებისა და ჩვენი მეობისთვის ბრძოლს ჟამი“, — დაწერა ჰარისმა „ტვიტერში“ მას შემდეგ, რაც არცევნების შედეგები გახდა ცნობილი.
ელიზაბეტ უორენი
მასაჩუსეტსის შტატის სესნატორმა, „დემოკრატმა“ ელიზაბეტ უორენმა პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ ხელი შეუწყო მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ჩამოყალიბებას ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. 2015 წელს განაცხადა, რომ აპირებს იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის.
იმავე წელს „ბლუმბერგმა“ უორენი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ჩამონათვალში შეიყვანა.
კარლი ფიორინა
„რესპუბლიკელი“ ფიორინა უკვე იბრძოდა თეთრი სახლის დაკავებისთვის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ საკუთარი კანდიდატურა არჩევსნებიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც მიმდინარე წლის 10 თებერვალს „სუპერორშაბათს“ კრახი განიცადა.
ნიკი ჰეილი
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ქალბატონი ნიკი ჰეილი ასევე „რესპუბლიკელია“. ის ამერიკული საზოგადოებისთვის იმითაა ცნობილი, რომ ხელი მოაწერა კანონს ამერიკის კონფედერაციული შტატების დროშის მოხსნის თაობაზე, რომელიც უამრავი ამერიკელისთვის მონობასთან ასოცირდებოდა.
ნიკი ჰეილი ასევე განიხილება აშშ-ის პოტენციურ პრეზიდენტად.