თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. დაკავებულია ათი ტერორისტი, რომლებიც მოსკოვსა და პეტერბურგში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში, ავტომატებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, ტერაქტებს გეგმავდნენ, იუწყება შაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის შსს–ს მხარდაჭერითა და უცხოელი პარტნიორების დახმარებით ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან, აღკვეთა რეგიონთაშორისი ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჯგუფი მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში, ავტომატური იარაღისა და ხელნაკეთი მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, რეზონანსული დივერსიულ–ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა“, – აღნიშნულია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოევიკები ტერაქტების მოწყობას ხალხის თავშეყრის ადგილებში, სამოქალაქო პირების მკვლელობის მიზნით აპირებდნენ.
„12 ნოემბერს ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ქმედებების შედეგად, მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში 10 ტერორისტია დაკავებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ძალოვანების ინფორმაციით, ბოევიკებს აღმოაჩნდათ ოთხი თვითნაკეთი ბომბი, ინიციირების საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები.
უშიშროების სამსახურში დასძინეს, რომ დაკავებულები აღიარებით ჩვენებებს იძლევიან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურებთან კონტაქტების შესახებ. ასევე, უწყება აღნიშნავს, რომ ბოევიკებმა აღიარეს საკუთარი მიზნები, დაასახელეს მოკავშირეები და ხელშემწყობი ბაზა როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ.