თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონია გააუქმა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Wall Street Journal-ზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს ტრამპი საპრეზიდენტო რეზიდენციაში თავის მეუღლესთან მელანიასთან ერთად მივიდა. ობამასა და ტრამპის შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყო.
სანამ ობამა და ტრამპი ოვალურ კაბინეტში საუბრობდნენ, პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ მელანიას თეთრი სახლი დაათვალიერებინა.
გამოცემა იხსენებს, რომ 2008 წელს ჯორჯ ბუში-უმცროსმა ანალოგიურ ვითარებაში გადაიღო ფოტო ბარაკ და მიშელ ობამასთან ერთად. მოქმედი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება იმ მწვავე პოლემიკით აიხსნას, რაც მან საარჩევნო კამპანიისას დაუსწრებლად აწარმოა. კერძოდ, ობამა, რომელიც „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს აქტიურად უჭერდა მხარს, აცხადებდა, რომ მილიარდერს არ აქვს სათანადო გამოცდილება, „პრეზიდენტად არ გამოდგება“ და „მას არ შეიძლება ანდო ბირთვული ჩემოდნის გასაღები".