თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე ტერორისტების შეტევა მოიგერიეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა დანაღმული ავტომობილით რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა განახორციელეს. პირველი აფეთქება სასტუმრო Mazar Hotel-თან მოხდა, რომელსაც გერმანელი დიპლომატები საკონსულოს შენობად იყენებდნენ, მეორე მძლავრი აფეთქება უკვე შენობაში მოხდა. ამის შემდეგ შენობასთან ქუჩაში სროლები დაიწყო.
„საკონსულოს ყველა თანამშრომელი გადარჩა და უვნებელია ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართველი სამხედროების სიმამაცისა და თავდადების წყალობით. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ავღანეთის უშიშროების ძალებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ. ისინი დაუყოვნებლივ დაეხმარნენ გერმანულ მხარეს და წარმატებით მოიგერიეს შეტევა“, — აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა სენდი სტორიმ.
„მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ავღანეთის ეროვნულ პოლიციასა და სხვა პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც ძალზე რთულ ვითარებაში მუშაობდნენ, რათა დაჭრილები საავადმყოფოებში გადაეყვანათ, პერსონალის ევაკუირება მოეხდინათ და უზრუნველეყოთ შეტევის ხაზის უსაფრთხოება. მათ დიდი სამუშაო ჩაატარეს და ჩვენ მადლიერი ვართ მათი“, — განაცხადა სტორიმ.
ტერორისტული შეტევისას დაღუპულთა რიცხვმა ექვსს მიაღწია, ხოლო დაახლოებით 128 ადამიანი დაშავდა.
„თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა იმ ავიადარტყმებზე შურისძიება იყო, რომლებიც აშშ-ის თვითმფრინავებმა ავღანეთის ქუნდუზის პროვინციაში განახორციელეს. მათი ინფორმაციით, ქუნდუზის პროვინციაში ავიადარტყმები გასულ კვირაში განხორციელდა, რომელსაც, სულ ცოტა, 30 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 25 კი დაიჭრა. კიდევ ერთი დარტყმა კოალიციის ჯარებმა „თალიბანის“ ბოევიკების პოზიციებზე მოახდინა. ამის შედეგად დაიღუპა ორი ამერიკელი ჯარისკაცი.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.