ვინ იყო სინამდვილეში დასტინ ჰოფმანის „წვიმის კაცი“

© AFP 2024 / Timothy A. CLARYდასტინ ჰოფმანი
დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ დღეს განსაკუთრებით არაჩვეულებრივი დილაა და ამიტომ, მზე თუ პატივს დაგვდებს თავისი მობრძანებით, სავარაუდოდ, ცხრათვალა კი არა, ათთვალაც კი იქნება. ხოლო თუ წვიმამ დაასწრო, ისიც უპირობოდ განსხვავებული უნდა იყოს — არც პირდაპირი და არც ირიბი, არამედ თარაზულ-შვეული, ანუ წამოწოლილ-უჯრედებიანი, რადგანაც…

დღეს ჩვენი აივნის სტუმარია საოცარი ადამიანი, რომელიც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ისეთი ნიჭითა და შესაძლებლობებით, როგორზეც ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიოცნებია (განსაკუთრებით, გამოცდების პერიოდში).

© FL/ Jason Groseნამდვილი „წვიმის კაცი“ - კიმ პიკი
ნამდვილი „წვიმის კაცი“ - კიმ პიკი - Sputnik საქართველო
ნამდვილი „წვიმის კაცი“ - კიმ პიკი

ეს გახლავთ ფენომენალური მეხსიერების მქონე ადამიანი, ბარი ლევინსონის ფილმ „წვიმის კაცში“ დასტინ ჰოფმაინის მიერ განსახიერებული მთავარი გმირის პროტოტიპი კიმ პიკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1951 წლის 11 ნოემბერს სოლტ-ლეიქ-სიტიში.

კიმ პიკს ახლობლებმა მეტსახელად შეარქვეს კიმ-პიუტერი (კომპიუტერის ანალოგიით), რადგან ის მიღებული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა.

თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ბუნებაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული გარკვეული ბალანსი და თუ რამე ჭარბად გაქვს ნაბოძები, ესე იგი, რაღაცაში დაიჩაგრები.

კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთში ახერხებდა.
კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთში ახერხებდა. - Sputnik საქართველო
კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთში ახერხებდა.

კიმ პიკის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი იყო დარღვეული, ამიტომ მან სიარული მხოლოდ 4 წლის ასაკში ისწავლა. ცხოვრების ბოლომდე უჭირდა ელემენტარული, ყოფითი პროცედურების ჩატარება, მაგალითად, ღილების შეკვრა ან ზონრებით ბაფთის გამონასკვა, სიარულიც უცნაური ჰქონდა, სამაგიეროდ…

კიმმა კითხვა 16 თვისამ ისწავლა. 3 წლისა თავისუფლად კითხულობდა გაზეთებს და დამოუკიდებლად სარგებლობდა უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონით. 7 წლის კიმმა ზეპირად იცოდა ბიბლია, 18 წლისამ კი — შექსპირის ყველა ნაწარმოები.
სპეციალისტების შეფასებით, რჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის წიგნების სკანირებას ახდენდა და ეს ინფორმაცია მუდმივად რჩებოდა მის მეხსიერებაში.

 

კიმ პიკმა ზეპირად იცოდა აშშ-ისა და კანადის ყველა გზის მარშრუტი, ყველა ქალაქის გეგმა, 12 ათასი ნაწარმოები, ყველა ისტორიული მოვლენა. მის მეხსიერებაში იყო შენახული 2 ათასი წლის კალენდარი ყველა მოვლენით — თარიღებისა და მისი მინაწილეების ჩათვლით.

კიმი ყველაზე სქელი წიგნის წაკითხვას, მაქსიმუმ, 20 წუთის განმავლობაში ახერხებდა და, რაც მთავარია, ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს გახსენება შეეძლო.

50 წლის კიმ პიკი დაინტერესდა მუსიკით. წაიკითხა შესაბამისი ლიტერატურა და დამოუკიდებლად დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. უკრავდა ნოტების გარეშე, მეხსიერებით და თანაც შეეძლო ნებისმიერი საკრავის პარტიების გადატანა ფორტეპიანოზე.

მეცნიერების შეფასებით, კიმს გააჩნდა შეუზღუდავი ინტელექტუალური შესაძლებლობები.

კიმ პიკი მამასთან, ფრენკ პიკთან (მარცხნივ) და დოქტორ ერნი ჯონსთან ერთად
კიმ პიკი მამასთან, ფრენკ პიკთან (მარცხნივ) და დოქტორ ერნი ჯონსთან ერთად - Sputnik საქართველო
კიმ პიკი მამასთან, ფრენკ პიკთან (მარცხნივ) და დოქტორ ერნი ჯონსთან ერთად

1984 წელს 33 წლის კიმმა მიიღო გადაწყვეტილება და მამასთან ერთად გაემგზავრა არლინგტონში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამინების ფენომენის შესწავლას. სწორედ ამ ღონისძიებაზე გაიცნო მან მწერალი ბარი მეროუ, რომელიც აღფრთოვანდა კიმის შესაძლებლობებით და მასზე წიგნის დაწერა შესთავაზა. კიმის მამამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, რომ მისი შვილი სარეკლამო და გასართობი შოუების მონაწილე გამხდარიყო.

მაგრამ ბარი მეროუზე კიმმა იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მან მაინც დაწერა სცენარი მომავალი ფილმისთვის „წვიმის კაცი“. თუმცა ამ სცენარში ბევრი რამ გამოგონილია, მაგალითად, კაზინოს ეპიზოდი. ბარი ემუდარებოდა კიმს, კაზინოში გაჰყოლოდა, მაგრამ კიმისთვის ეს არაეთიკური და სრულიად მიუღებელი საქციელი იყო.

დასტინ ჰოფმანი - Sputnik საქართველო
დასტინ ჰოფმანი: ამ ცხოვრებაში ცოტა რამ მჭირდება - მზე და ქოქოსის რძე...

ფილმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 1989 წელს ფილმმა მიიღო 4 ოსკარი, 2 „ოქროს გლობუსი“, ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრი და დავიდ დონატელოს 2 პრემია. თანაც ჯილდოების უდიდესი ნაწილი წილად ხვდა დასტინ ჰოფმანს რეიმონდის, ანუ, ფაქტობრივად, კიმ პიკის როლის შესრულებისთვის.

სხვათა შორის, 1987 წელს, ფილმზე მუშაობისას დასტინ ჰოფმანისა და კიმ პიკის შეხვედრაც შედგა. კიმი ძალიან ეცადა დასტინზე შთაბეჭდილება მოეხდინა. მან ჰოფმანს დაწვრილებით გააცნო ფაქტები ბრიტანელი მონარქების, კოსმოსის, ხელოვნების, სპორტის ისტორიიდან, წაუკითხა შექსპირი და ნაწყვეტები ბიბლიიდან… შეხვედრის ბოლოს დასტინმა ის გულში ჩაიხუტა და უთხრა:

„შეიძლება მე ვარსკვლავი ვარ, მაგრამ შენ მთელი სამყარო ხარ!“

ოსკარის პრემიის მიღების ცერემონიაზე კი დასტინმა, პირველ რიგში, მადლობა კიმ პიკს გადაუხადა.

მე ყოველთვის მიყვარდა ეს ფილმი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, როდესაც გავიგე, რომ მან თავად კიმსაც მოუტანა ბედნიერება. ფილმის პრემიერის შემდეგ მას სწერდნენ წერილებს, იწვევდნენ უამრავ ღონისძიებაზე. მას მეგობრები გაუჩნდა და მოგზაურობაც დაიწყო. მისი აუდოტორია 64 მილიონ ადამიანს აღემატებოდა და, რაც მთავარია, მას, ბოლოს და ბოლოს, 20 წლის ლოდინის შემდეგ გადასცეს განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

1996 წელს კიმის მამამ ფრენკმა გამოსცა წიგნი სათაურით: „ნამდვილი წვიმის კაცი — კიმ პიკი“.

კიმი გარდაიცვალა 2009 წელს, 59 წლისა, გულის შეტევით.

ამბობენ, რომ ამ დროს მას ჩახუტებული ჰქონდა ოსკარის ქანდაკება, რომელიც ათხოვა „წვიმის კაცის“ სცენარისტმა ბარი მეროუმ. 

ერთ-ერთ სემინარზე კიმმა გულწრფელად განაცხადა:

„ჩვენ ყველანი, თითოეული ჩვენგანი, ვართ განსაკუთრებული და რა მნიშვნელობა აქვს, რას ვფლობთ ჭარბად, ან რას ვართ მოკლებული“

არ ვიცი, მე, მაგალითად, არ შემიძლია არ აღვფრთოვანდე ადამიანით, ვისაც ასეთი ლამაზი და ტკივილამდე გულშიჩამწვდომი სიტყვები ეკუთვნის. რომ დავუკვირდეთ, თითოეული ჩვენგანი ერთი, სულ პატარა რაღაცით მაინც, ყველაზე უკეთესი და უნიკალურია.

მთავარია, ვისწავლოთ ამ ჭეშმარიტების აღქმა და ერთმანეთის არ შეგვშურდეს.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და განსხვავებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0