თბილისი, 11 ნოემბერი– Sputnik. პოპულარული ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმი კალუმი, რომელმაც თბილისის ჯაზ-ფესტივალი გახსნა, ერთ-ერთი თავისი სიმღერის შესრულებისას ჯერ როიალზე ახტა, შემდეგ კი სცენაზე ჩამოხტა.
ბრიტანელი შემსრულებლის გამოსვლა თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჩატარდა და თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი გახდა.
"ჯეიმი კალუმი სცენაზე თავიდანვე ძალიან თავისუფალი და გახსნილი იყო: ამღერებდა მაყურებელს თავის სიმღერებს, მთელი კონცერტის განმავლობაში თბილისს და საქართველოს უხსნიდა სიყვარულს. თბილისის ჯაზ-ფესტივალის გახსნა მან დაუვიწყარი გახადა", — ყვება მაყურებელი ირაკლი ადამია.
ჯეიმი კალუმმა ქართულ სცენაზე თავისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა: "Pure Imagination", "Just One of Those Things", "Save Your Soul", "All At Sea", "Love For Sale", "I'm All Over it", "What a Difference a Day Makes" და მრავალი სხვა.
ასევე, ტრადიციისამებრ, კალუმმა ისეთი ცნობილი ამერიკელი შემსრულებლების ჰიტების ქავერები შეასრულა, როგორებიც არიან რიანა, სნუპ დოგი, ფარელ უილიამსი და ბრუნო მარსი.
ჯეიმი კალუმის კონცერტს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი — ბერა ივანიშვილიც დაესწრო.
ჯეიმი კალუმი ჯაზის და პოპის შემსრულებელი და სიმღერების ავტორია. ის ვოკალისტი და პიანისტია, და გარდა ამისა, გიტარასა და დრამზე უკრავს. 2010 წლიდან BBC Radio 2-ზე ყოველკვირეული ჯაზ-შოუს წამყვანია.
თბილისის ჯაზ-ფესტივალის სცენაზე ისეთი შემსრულებლები გამოვლენ, როგორებიცაა ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორ ნიკოლას პეიტონის ტრიო და ამერიკელი შემსრულებელი გრეგორი პორტერი.
ფესტივალის ფარგლებში Tbilisi Event Hall-ში 12 და 13 ნოემბერს ასევე ქართველი ჯაზ-შემსრულებლების უფასო კონცერტები გაიმართება. Tbilisi Jazz Festival თბილისში მე-19-ჯერ ტარდება. ტრადიციულად, გრანდიოზულ ღონისძიებაზე მსოფლიო დონის გამოჩენილი მუსიკოსები იკრიბებიან. ფესტივალის მუდმივი ორგანიზატორია ქართული კომპანია Eаstern Promotion.