თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 4-7 ივნისს თბილისში კავკასიის ჯაზ-ფესტივალი მეექვსედ აიღებს სტარტს. მასში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
წელს ფესტივალზე "Kavkaz Jazz Festival" შესრულდება არა მხოლოდ ჯაზი, არამედ ეთნო-მუსიკაც. მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცნობილი მუსიკოსები სამხრეთ კავკასიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან, განაცხადა ფესტივალის დირექტორმა ელენა მეჩითოვამ.
კავკასიის ჯაზ-ფესტივალი — "Kavkaz Jazz Festival — 2015" ერთადერთი არაკომერციული ფესტივალია, რომელიც ჯაზური მუსიკის განვითარებისა და სამხრეთ კავკასიის მუსიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით ტარდება.
ფესტივალი 4 ივნისს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე მოძრაობის თეატრში გაიხსნება. მსმენელის წინაშე გამოვლენ აზერბაიჯანელი პიანისტი აფგან რასული (Afgan Rasul), ქართული ჯგუფი ”სტუმრები” და სომხეთის წარმომადგენელი ნარინე დოვლათიანი Imagine Band-თან ერთად.
5 ივნისს, 20:00 საათზე კლუბში ”33 ა” მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცნობილი ფოლკ-მომღერალი პოლონეთიდან Joanna Slownska და სომხეთიდან ნარინე დოვლათიანი Imagine Band-თან ერთად.
6 ივნისს, 20:00 საათზე მოძრაობის თეატრში მსმენელის წინაშე გამოვა ახალგაზრდა მუსიკოსების ტრიო "Papiragio Trio" (საქართველო, გერმანია), რომელსაც სცენაზე შეცვლის ცნობილი თარზე შემსრულებელი თურქეთიდან Nevcivan Ozel თავისი პროექტით "Taristanbul".
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 7 ივნისს კლუბში ”33ა” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჯგუფი ”ირაო” და აზერბაიჯანელი პიანისტი აფგან რასული. საღამოს დასასრულს გაიმართება გრანდიოზული ჯემ-სეიშენი — ფესტივალის ყველა მონაწილის და სტუმრის ერთად გამოსვლა.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "Art Bridge".