თბილისი, 10 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. სახელმწიფოს მეთაურმა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედიც(მესტიშვილი) ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია — რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ჩვენ ვიყურებით უკან, ჩემი ერის და ჩემი სამშობლოს დიადი წარსულისკენ და იქ ვხედავთ, რომ ჩვენი სამშობლოს დიდებას ვქმნიდით ყველა ერთად",-აღნიშნა მარგველაშვილმა.
ეთნიკური ქართველების წინაპრები ამ ქვეყნის სიძლიერეს ქმნიდნენ, ხაზი გაუსვა მან.
"ჩვენ ვაკეთებთ, იმას რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში”, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოში 7-16 ნოემბერს ტოლერანტობის კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.