მაესტრო ენიო მორიკონე, რომელიც ვერ იტანს იასამნისფერს...

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიენიო მარიკონე
ენიო მარიკონე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ყოველთვის ვცდილობ, არ შეგაწუხოთ ზედმეტად და თავს არაფერი მოგახვიოთ, მაგრამ დღეს მაინც მომიწევს თქვენი გაფრთხილება — ეცადეთ, ამ დილით თქვენ გარდერობში არ გაერიოს იაისამნისფერი გამა, რადგან დღევანდელ ჩვენს სტუმარს, რატომღაც, განსაკუთრებული გართულება და ალერგია სჭირს ამ ფერთან დაკავშირებით. ის, მაგალითად, კატეგორიულ უარს აცხადებს ინტერვიუს მიცემაზე, თუ ჟურნალისტს ჩაცმულობაში სადმე ცოტა მაინც იასამნისფერი დაჰკრავს… კიდევ ძალიან არ უყვარს რიცხვი „17“.

არადა, ის საოცარი მუსიკოსია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი, მუსიკის შემქმნელი 450-ზე მეტი ფილმისთვის, გრემის პრემიის ლაურეტი, ორგზის „ოსკაროსანი“, სამგზის „ოქროს გლობუსის“ და ექვსგზის პრემია BAFTA-ს მფლობელი.

ახლა ერთ ნაწყვეტს მოვუსმინოთ და ყველაფერს მიხვდებით:

დიახ, ეს არის ნაწყვეტი ჩვენი საყვარელი ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში“, რომელიც ერთხელ ცხოვრებაში შემობრძანდა ჩვენ გულებში და დიდი ხნით დარჩა. ხოლო ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარია ამ და კიდევ ბევრი ფილმის მუსიკის ავტორი, შესანიშნავი კომპოზიტორი ენიო მორიკონე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 10 ნოემბერს ქალაქ რომში.

შეუდარებელი სოფი ლორენი - Sputnik საქართველო
სოფი ლორენი: კაბა უნდა ჰგავდეს ეკლიან მავთულს, იცავდეს ქალს და არ ფარავდეს პეიზაჟს

მას ჯერ კიდევ ბავშვობაში „მოცარტი“ შეარქვეს, რადგან მუსიკის წერა 6 წლის ასაკში დაიწყო. 10 წლის ენიო კი უკვე ცნობილი სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიის სტუდენტი გახლდათ, საყვირის კლასით. ბუნებრივია, მას მისი ვუნდერკინდობის გამო უამრავი დრო ჰქონდა და კომპოზიციისა და ჰარმონიის სრული კურსის დასრულების შემდეგ ხელახლა ჩააბარა კონსერვატორიაში, ამჟამად დირიჟორის სპეციალობაზე.

საინტერესოა, რომ ენიო მორიკონე ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი ექიმი, მაგრამ, მისივე თქმით, „ამდენ მუსიკაში“ დრო აღარ რჩებოდა.

თუმცა, ვფიქრობ, ის გარკვეულწილად მაინც გახდა ექიმი, რადგან მის განუმეორებელ, ამაღლებულ და დახვეწილად სუფთა მუსიკას ნამდვილად გააჩნია განკურნების ეფექტი.

თბილისი წინასაახალწლოდ - Sputnik საქართველო
თბილისში წინასაახალწლოდ მორიკონეს, ლეგრანისა და ყანჩელის შედევრები აჟღერდება

სხვათა შორის, ენიო მორიკონე საკმაოდ სერიოზული მოჭადრაკე გახლავთ. მართალია, მან ერთდროული თამაშის სეანსში წააგო ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონთან გარი კასპაროვთან, სამაგიეროდ ამაყობს იმით, რომ  მსოფლიოს მე-10 ჩემპიონ ბორის სპასკისთან მისი ორთაბრძოლა ყაიმით დასრულდა.

ენიო მორიკონე თავისი წარმატებული კინემატოგრაფიული კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მისი კლასელი სერჯო ლეონე, რომელთანაც ერთად შექმნა ე.წ. სპაგეტი-ვესტერნის სტილი, ბერნარდო ბერტოლუჩი, ოლივერ სტოუნი, პედრო ალმოდოვარი, დამიანო დამიანი, ბრაიან დე პალმა, რომან პოლანსკი, პიერ პაოლო პაზოლინი, კვენტინ ტარანტინო…

აღსანიშნავია, რომ მორიკონემ თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო მუსიკისთვის, რომელიც დაწერა ტარანტინოს ფილმისთვის „უსახელო ნაბიჭვრები“. როგორც თავად ჰყვება, მან კვენტინს მოსთხოვა იმის გარანტია, რომ ფილმში არ იქნებოდა რეჟისორისთვის ჩვეული ძალადობის სცენები, რაზეც ტარანტინომ წყანარად უპასუხა, რომ მაესტროს თავის რომანტიკულ რეპუტაციაზე ადრე უნდა ეზრუნა, სანამ დაწერდა მუსიკას პაზოლინის სკანდალური ფილმისთვის „სოდომის 120 დღე“. ენიომ ამაზე ვერაფერი უპასუხა, რადგან პაზოლინის ამ ძალიან „გაურკვეველ“ ფილმში მართლაც მორიკონეს მუსიკა ჟღერს.

მარლონ ბრანდო ფილმში ნათლიმამა - Sputnik საქართველო
კინოვარსკვლავი არის ის, ვინც ზის შაქრის სამეფო ტახტზე... კოკისპირული წვიმის ქვეშ...

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა ის პერიოდი, როდესაც რუსეთში ეკრანებზე გამოვიდა ძალიან პოპულარული სერიალი „ბრიგადა“, რომლის მელოდია ზოგიერთს მობილური ტელეფონის ზარადაც კი ჰქონდა დაყენებული. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ მელოდიის ავტორმა შელიგინმა მუსიკა მორიკონეს მოპარა ფილმიდან „ერთხელ ველურ დასავლეთში“. როდესაც მორიკონე მოსკოვში ჩავიდა, მას მოასმენინეს ეს მელოდია და სთხოვეს გამოეტანა ვერდიქტი. და, აი, აქ მორიკონე მოიქცა ძალიან დელიკატურად – მან განაცხადა, რომ „ბრიგადის“ მუსიკალური ფონი მის თემას ჩამოჰგავს, მაგრამ იქვე დაამატა — „მუსიკაში ხომ მხოლოდ 7 ნოტია“…

სხვათა შორის, ენიო მორიკონეს ეკუთვნის მუსიკა მიხეილ კალატოზოვის ფილმისთვის „წითელი კარავი“ და რუსი რეჟისორის ხოტინენკოს ფილმისთვის „72 მეტრი“, რომელიც  წყალქვეშა ნავ „კურსკზე“ დაღუპულებს ეძღვნება.

დღეს ენიო მორიკონეს 88 წელი შეუსრულდა. ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დღემდე იღვიძებს დილის 5-ის ნახევარზე, 40 წუთი ვარჯიშობს, შემდეგ 40 წუთი სეირნობს სახლში. გათენებისას გადის ქალაქში, ყიდულობს ახალ გაზეთებს და სახლში დაბრუნებისას ელოდება მეუღლის გამოღვიძებას. ისინი ერთად საუზმობენ. მორიკონე იკვებება მხოლოდ სასარგებლო საკვებით და ცხოვრებაში არ დაულევია ალკოჰოლური სასმელები. 9-ის ნახევარზე ენიო მორიკონე შედის კაბინეტში, იწყებს მუშაობას და ქმნის ასეთ შესანიშნავ მუსიკას…

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ მუსიკას მართლა გულით მოისმენ, აუცილებლად ცოტა უკეთესი გახდები, ცოტა უფრო მიმტევებელი, კეთილი, გახსნილი, ერთი პატარა ნოტით მაინც…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და მორიკონეს მუსიკასავით ლამაზ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0