თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია სათაურით „15 იდეალური ადგილი ამერიკელთა ემიგრაციისთვის“. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
წინასაარჩევნო პერიოდში ჰოლივუდის არაერთმა მსახიობმა განაცხადა, რომ საერთოდ წავიდოდა აშშ-დან, თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებდა. მათ შორის იყვნენ: სემულ ელ ჯექსონი, ჯენიფერ ლოურენსი, ვუპი გოლდბერგი, მეტ დეიმონი, ემი შუმერი, ბარბარა სტრეიზანდი, მაილი საირუსი, Ne Yo და მრავალი სხვა.
The Telegraph საქართველოში წასვლას კერძოდ კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სონომის ოლქის მცხოვრებლებს სთავაზობს, სადაც ძირითადად მეღვინეობას მისდევენ. თუმცა ოლქი ასევე ცნობილია რძის პროდუქტების წარმოებითა და მებაღეობითაც.
„კალიფორნიელებს, ცოტა არ იყოს, საკუთარი პროდუქციით თვითკმაყოფილება ახასიათებთ… ჩაალაგეთ ჩემოდნებში გემოვნება და წაიღეთ ის აღმოსავლეთში, საქართველოში… განსაკუთრებით, კახეთში — მეღვინეობისა და კვების რეგიონში. იცოდით, რომ იქ ღვინოს უკვე 8000 წელია აყენებენ? ეს ახალი კალიფორნიაა და შენ უნდა იყო იქ“, — წერს გამოცემა სტატიაში.
ამერიკელებისთვის გადასასახლებლად შესაფერის ქვეყანათა სიაში The Telegraph-მა ასევე შეიყვანა შვედეთი, ბელგია, ავსტრალია, ირლანდია, ინგლისი, არგენტინა, კანადა, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჰონგ-კონგი, იაპონიის კუნძული ოკინავა.