თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ექვსი ფაქტისთვის ექვსი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონებში ბრალდებულებმა რამდენიმე სასურსათო მაღაზია და სწრაფი გადახდების აპარატები გაქურდეს.
გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ დაკავებულებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული Liberty Bank-ის სერვის-ცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.
პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.