თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დარწმუნებული არ არის, რომ ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოლდოვის ნაკრებთან დაგეგმილ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ითამაშებს.
„ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატზე „ტომის“ წინააღმდეგ მატჩის წინ ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ ის საქართველოს ნაკრების განკარგულებაში გადმოვიდა, სადაც მკურნალობის კურსს გადის. ჩვენი სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ მოლდოვასთან თამაშისთვის ის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს“, — განუცხადა ვაისმა ჟურნალისტებს.
სლოვაკმა სპეციალისტმა მოლდოვას ნაკრებიც დაახასიათა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი შესარჩევ D ჯგუფში აუტსაიდერია, ვაისი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს, მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მომავალ მატჩს.
„მე არაერთხელ ვთქვი, რომ თანამედროვე ფეხბურთში სუსტი გუნდები არ არსებობს. არც ერთი თამაში არ შეიძლება მარტივად ჩავთვალოთ. ჩვენ უფლება არ გვაქვს სათანადოდ არ შევაფასოთ მოწინააღმდეგე. მოლდოვას შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც რუსეთის პრემიერ-ლიგაში გამოდიან. მათ გამოცდილება აქვთ. განსაკუთრებით ეპურიანოსა და გაცკანას გამოვყოფდი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეტევაზე გავაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვა“, — აღნიშნა ვაისმა.
საქართველო-მოლდოვას მატჩი „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მოპოვებული ერთი ქულით შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე ადგილი უკავია, მოლდოვას გუნდს კი არც ერთი ქულა არ აქვს.
შესარჩევ D ჯგუფში სერბეთისა და ირლანდიის გუნდები ლიდერობენ, რომელთა აქტივშიც 7-7 ქულაა.