თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, მილიარდერ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ტრამპმა საპრეზიდენტო რბოლაში ჰილარი კლინტონი დაამარცხა. ის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება.
„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის“, — აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობას შეერთებული შტატების უკვე ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებს.
„მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენ ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩევლების 538 ხმიდან 270 ხმის მიღება, ტრამპმა კი 280 ხმა მიიღო. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.