თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველო აშშ-თან პარტნიორულ ურთიერთობებს გააგრძელებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ საკვანძო შტატში გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
„საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი არ შეიცვლება… მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა ძალიან კონკურენტული არჩევნები. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელსაც ჩვენ ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაკვირდებით. ალბათ 1-2 საათში უკვე ცნობილი იქნება საბოლოო შედეგები და გავიგებთ, რა არჩევანი გააკეთა ამერიკელმა ხალხმა“, — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ აშშ საქართველოს მხარდაჭერის პოლიტიკას გააგრძელებს.
„ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახან, სექტემბერში, როდესაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და, შესაბამისად, ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი იქნება“, — განაცხადა ჯანელიძემ.
მან ასევე აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტის მნიშვნელობა.
„პრეზიდენტის ვიზიტიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა“, — თქვა ჯანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მჭიდრო და აქტიური იყო იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ის ლიდერი.
„ჩვენ ვიყავით ამერიკის მთავარი პარტნიორი და დასაყრდენი რეგიონში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ურთიერთობების გარკვეული კონტურები შეიცვალოს, თუმცა გვგონია და ვფიქრობთ, რომ ჩვენ დავრჩებით ამერიკის მთავარი პარტნიორი და დასაყრდენი ამ რეგიონში“, — განაცხადა დოლიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
დღეს აშშ-სთვის განსაკუთრებული დღეა, განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს. ვფიქრობ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს“, — განაცხადა კელიმ.