თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში დეკემბერში გაიმართება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის რეგიონისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციის ჩატარების შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და რუმინეთის ელჩის ლადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვედრის მსვლელობისას.
„ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ ამ ურთიერთობების გაღრმავებით, რადგან სწორედ რუმინეთი, როგორც ნატოს წევრი, უნდა გახდეს ლიდერი ქვეყანა, რათა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების სექტორი, უსაფრთხოების თემები იყოს წინ წამოწეული. სწორედ რუმინეთის ლიდერობით გვინდა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიებში“ — განაცხადა ლევან იზორიამ.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში რუმინელი წარმომადგენლების ჩართულობისთვის. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სხვადასხვა სფეროში ექსპერტების დონის შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმირების პროცესს და ქართველ სამხედროებს საუკეთესო ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.
ლევან იზორიამ მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ თანამშორმლობას კიდევ უფრო აღრმავებს. საუბარი შეეხო რუმინეთის თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების უფროსის საქართველოში სტუმრობის საკითხსაც.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ერთობლივი სამხედრო სწავლებები იყო. სექტემბერში საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში “Agile Spirit 2016” 35 რუმინელი სამხედრო მონაწილეობდა. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში რუმინული მხარე კვლავ იქნება წარმოდგენილი.