თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში სამშაბათს საქართველოსა და რუსეთის ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ.
ერთდღიან ღონისძიებაში რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკიდან რვა კომპანია მონაწილეობს, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და მშენებლობა.
„ღონისძიება გაცნობითი ხასიათისაა, რათა რუსულმა და ქართულმა კომპანიებმა ერთმანეთი და ის შესაძლებლობები გაიცნონ, რომელთა გამოყენებაც მომავალში თანამშრომლობისთვის შეიძლება. აქ საუბარი შეიძლება იყოს ასევე თანამედროვე პროექტებზე, საქართველოში ერთობლივი კომპანიების შექმნაზე და ა.შ. ეს ყველაფერი შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ლაბაძემ.
ბიზნეს-ფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიის „უნივერს ბიზნეს ჯგუფის“ ორგანიზებულია.
ვიზიტის ფარგლებში რუსული კომპანიები შეძლებენ შეხვდნენ ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე დაათვალიერებენ საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიას“.
გარდა ამისა, დეკემბრის დასაწყისში რუსული და ქართული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების დონეზე. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, IT-ტექნოლოგიების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, მშენებლობის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროებში საქმიანობენ. შეხვედრის ჩატარების ზუსტი ადგილი და დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფორუმი თბილისში გაიხსნება და რამდენიმე დღე გასტანს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%–ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს.
2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.