თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი საქართველოდან სტუმრებს ელოდება და მოსკოვში სიხარულით დახვდება, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას მოსკოვის ეროვნული პოლიტიკის, რეგიონთაშორისი კავშირებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვიტალი სუჩკომ.
28 ოქტომბერს გაიმართა ფესტივალ „საშობაო მოგზაურობისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელიც მოსკოვში 16 დეკემბერს აიღებს სტარტს. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორები დასაინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსკოვში სპეციალური პრეს-ტურის ფარგლებში იყვნენ მიწვეული.
„მოხარული ვართ ყველას ხილვის, მათ შორის, ქართველების. ეს შესანიშნავი ხალხია, რომელიც ჩვენ დღემდე გვიყვარს. ერთი საქმეა — პოლიტიკოსები რას აკეთებენ და მეორე — უბრალო ადამიანებს შორის ურთიერთობა, ეს ხომ შესანიშნავია. ჩვენ მოხარული ვართ მოსკოვში მეგობრების დახვედრის… რუსეთი საქართველოდან ტურისტებს ელოდება“, – განაცხადა Sputnik-თან საუბრისას სუჩკომ.
როგორც მან აღნიშნა, ვიზების გაფორმება გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა ეს რუსეთში ჩასვლის სურვილის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება.
„არის ქვეყნები, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ მათთვის, ვინც ვიზით გადაადგილდება, რა თქმა უნდა, მისი გაფორმებისას უმნიშვნელო სირთულეები არსებობს. მაგრამ ეს არ არის წინააღმდეგობა და დაბრკოლება საიმისოდ, რომ წახვიდე იქ, სადაც გსურს“, — განმარტა სუჩკომ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ რუსი ტურისტები საქართველოს სიამოვნებით სტუმრობენ, ხოლო მოსკოვში რეგულარულად ტარდება „თბილისობის“ ზეიმი.
„ზაფხულში ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, მისი მეუღლე თბილისში ცხოვრობდა და ისინი საქორწინო მოგზაურობაში თბილისში წავიდნენ. ჩვენ საქართველოსადმი ინტერესი არასდროს გაგვნელებია, პირიქით, უფრო გვიმძაფრდებოდა. ჩვენ ბევრ ეროვნულ ფესტივალს ვატარებთ და „თბილისობა“ — ძალზე კარგი ფესტივალია, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრება“, — დასძინა სუჩკომ.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სამოგზაუროდ ვიზებია საჭირო.