თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პენსიონერი ქალის რიტუალური მკვლელობის საქმის ხუთი ფიგურანტიდან ერთ-ერთის — დათა კვარაცხელიას ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ადვოკატ ნიკა სარდაძეზე დაყრდნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ გახსნა პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი. 76 წლის ქალბატონის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალი სამ ადამიანს — 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ბექა შენგელიას, 17 წლის გოგონასა და გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილს ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ედება. დათა კვარაცხელიას და კიდევ ერთ ადამიანს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. სასამართლომ ყველას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„დათა კვარაცხელიას მიმართ საქმეში არ ყოფილა ის აუცილებელი დასაბუთება, რომელიც წინასწარი აღკვეთის ზომის შეფარდებისთვის არსებობს. არ ყოფილა არც საშიშროება, რომ ის მიიმალება, არც მოწმეებზე ზეწოლა, არც მტკიცებულებების განადგურება. ყოველ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ამის დასაბუთება ვერ მოახერხა. შემდეგ სასამართლომ ჩათვალა, რომ იყო საშიშროება“, — განაცხადა სარდაძემ.
კვარაცხელიას ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლით „დანაშაულის შეუტყობინებლობა“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების ორიდან ოთხ წლამდე აღკვეთით. წინასწარი სასამართლო მოსმენა 8 დეკემბერს არის დანიშნული.
საქმის მასალებით, ლუბა ყოჩიაშვილი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შენგელიას დაქირავებულ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ გლდანის ნაგავსაყრელზე მიიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. უფრო მეტიც, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში კანიბალიზმის ნიშნებიც იყო. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღიარა, რომ მოკლულის შინაგანი ორგანოები შეჭამა.
მასმედიისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მოკლულის ქალიშვილი ნაშვილები იყო. ის ქალმა საკუთარი 19 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ იშვილა და, როგორც მეზობლები აცხადებენ, მას უარს არაფერზე ეუბნებოდა.
მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით“.
მოკლულის შვილს — ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 111-109 მუხლით, რაც, მათ შორის, ოჯახურ დანაშაულს ითვალისწინებს.
სამივე ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.