თბილისი, 8 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეებმა ირაკლი ნადირაშვილმა და გიორგი გულისაშვილმა უკრაინაში პოპულარული ტელეშოუს Танцуют все! ჟიურის წევრები მოხიბლეს.
ტალანტების შოუმ სტარტი უკრაინულ ტელეარხ СТБ-ზე 2008 წლის 12 ნოემბერს აიღო. მისი პროტოტიპია 2005 წელს შექმნილი ბრიტანული შოუ So You Think You Can Dance? შოუში მონაწილე 1000 პრეტენდენტიდან ყველაზე საუკეთესო 20 მოცეკვავეს (10 ვაჟი, 10 გოგონა) ირჩევენ, რომლებიც ცხრა კვირის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავის წოდებისთვის იბრძვიან.
შოუს მეცხრე სეზონის ჟიურის წევრები არიან კიევის მოდერნ-ბალეტის ქორეოგრაფი და დამაარსებელი რადუ პოკლიტარუ, მოცეკვავე ვლადისლავ იამა და ქორეოგრაფი ტატიანა დენისოვა.
„ჩვენ ხშირად ვაკვირდებით თქვენს პროექტს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ. უბრალოდ, რთული გრაფიკის გამო მხოლოდ ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოგვეღო ამ პროექტში მონაწილეობა“, — განაცხადა СТБ-ს ეთერში ირაკლი ნადირაშვილმა.
ირაკლისა და გიორგის საცეკვაო ნომერმა მშვენივრად ჩაიარა — ქართველები შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ჟიურის განსაკუთრებით მოეწონა მოცეკვავეების პლასტიურობა, დინამიურობა და მოძრაობების სიზუსტე.
„მადლობა თქვენ ასეთი მშვენიერი ცეკვისთვის, მამაკაცური სიძლიერის დემონსტრირებისთვის, მოქნილობისა და ეროვნული კოლორიტისთვის“, — განაცხადა ფინალში ტატიანა დენისოვამ.
სიმღერისა და ცეკვის ხალხური ანსამბლი „რუსთავი“ 1968 წელს შეიქმნა, მას დღემდე სათავეში გამოჩენილი პროფესიონალი, მომღერალი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი უდგას.