თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციას გადასცეს მამაკაცის საქმე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები მოკლული ველური კატითა და ტყის ქათმებით, აღნიშნულია დეპარტამენტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მცხოვრების მიერ ფოტოების გამოქვეყნებისთანავე, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია, მასთან სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
„მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და, მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მისი იარაღი დალუქეს, ხოლო მოკლული ცხოველი და ფრინველები ჩამოართვეს.
საქართველოში მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობა აკრძალულია და ისჯება 100-დან 500 ლარამდე ჯარიმით, ხოლო სანადირო იარაღის შენახვის წესების დარღვევა — ჯარიმით 80 ლარის ოდენობით.