თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოცხადდა, ახლა მთავარია დადგენილი წესების დაცვა.
მონადირეებ მა თან უნდა იქონიონ ნადირობაზე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ასევე სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც საქართველოს შსს გასცემს.
მოსაკრებლის გადახდა, რომლის ღირებულებაც 10 ლარია, ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე აღნიშნული ზონებიდან 500 მეტრში, ნადირობა აკრძალულია.
იკრძალება: მცენარული საფარის დაწვა, გარეული ფრინველების კვერცხების მოგროვება და გაყიდვა, ქარხნული თუ კუსტარული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, ელექტრონული ხმოვანი ხელსაწყოების, შხამის, ტოფის რეფლექტორების გამოყენება.
ასევე არ დაიშვება ფრინველებზე მანქანით ნადირობა.
არ იკრძალება სანადირო ძაღლებისა და დაგეშილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება. ოღონდ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მონადირემ თან უნდა იქონიოს ფრინველის კანონიერად შეძენის დამადასტურებელი საბუთი.
ნადირობა დაშვებულია შემდეგი იარაღის გამოყენებით:
• სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი)
• სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა)
• სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი)
• სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი
• სანადირო პნევმატური იარაღი.
ნადირობის სეზონი 2017 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.