თბილისი, 8 ნოემბერი– Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-გადაზიდვისთვის ბრალდებულ სასულიერო პირს, მამა გიორგი მ.-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით 4 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გირაოს გადახდის ვადა 45 დღეა, მანამდე კი სასულიერო პირი პატიმრობაში დარჩება.
„რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები", — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება სასულიერო პირთად ერთად დაკავებულ ოთარ ს.-ს, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ოთარ ს.-ს მძიმე დანაშაულში ედება ბრალი — ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება, გარდა ამისა, ის იყო არაერთხელ ნასამართლევი და შეეძლო ქვეყნის დატოვება.
პირველი წინასასამართლო მოსმენა 15 დეკემბერს გაიმართება.