თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქვეყანაში სამხედრო ფლოტის აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგია.
ქართული სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოქტომბრის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი 2017 წლის თებერვლიდან შავი ზღვის რეგიონში თავისი ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით ზომების შეთანხმებას და ამაში საქართველოს ჩართვას აპირებს. გადაწყვეტილება 2016 წლის ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღეს.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამხედრო ფლოტის საქართველოში. რატომ? ეს არის კოლოსარულ თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ პრიორიტეტებს ვსახავთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას“, — განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.
მინისტრის განცხადებით, სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში ძალზე ეფექტურად მუშაობს. ამ მიმართულებით ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს, ამიტომ უმჯობესია, არსებული განვითარდეს, ვიდრე ახალი შეიქმნას, აღნიშნა მან.
ამასთან, მომავალი წლის თებერვალში, როდესაც ალიანსი საბოლოოდ შეაჯერებს შავი ზღვის რეგიონში ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ზომებს, ქართული მხარე ნატოსთვის რეგიონში უსაფრთხოების საკუთარი ხედვის გაცნობასა და საქართველო-ნატოს კომისიის მოწვევას აპირებს, დასძინა იზორიამ.
საქართველო ნატოს მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართვას აპირებს და, დიდი ალბათობით, საქართველოს სანაპირო დაცვა ამ რეგიონის პატრულირებაში მიიღებს მონაწილეობას, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო არის ჩართული, ეს განისაზღვრა ნატოს სამიტზე და მას შემდეგ არ წყდება ამ მიმართულებით კონსულტაციები. საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად. შესაძლოა, საქართველო იყოს ჩართული პატრულირებაში და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია მთლიანად ეს პროცესი“, — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
სამხედრო-საზღვაო ძალები, როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფი, 1991 წელს ჩამოყალიბდა.
ქართულ ფლოტს მაშინ რამდენიმე სამხედრო გემი ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ფლოტის შენახვა ძვირი ჯდებოდა და ის არაეფექტური იყო, 2008 წლის ბოლოს ქვეყნის ხელისუფლებამ, სახელმწიფო სახსრების ოპტიმიზაციისა და რიგი ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით, მისი შსს-სთან მიერთებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.
ქართული ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ასევე შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა.
ამჟამად საქართველოს საზღვაო ფლოტი არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობა საბრძოლო გემების გარეშე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობა ატარებს საზღვაო სწავლებებსა და მყვინთავის კურსებს — სამხედრო მოსამსახურეებისთვის.