თბილისში ორი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დამუხტვა უფასო იქნება. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.
თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. ელექტრომობილების დამუხტვა უფასო იქნება — დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს თბილისის მერია საკუთარ თავზე აიღებს.
„თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი პუნქტი გაიხსნა — ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან. ასეთ სადგურებზე, რომელთა რიცხვიც თბილისში ეტაპობრივად გაიზრდება, ელექტრომობილების მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ორი წლის განმავლობაში ავტომობილები უფასოდ დამუხტონ. ეს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით კერძო კომპანიის ინიციატივაა, რომელსაც საზოგადოებაში ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი“, — განუცხადა Sputnik-ს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.
უახლოეს დროში მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ადგილების რიცხვი, სადაც თბილისში ელექტრომობილების დამუხტვა იქნება შესაძლებელი. ასევე განიხილება ელექტრომობილების მძღოლებისთვის თბილისის ტერიტორიაზე უფასო პარკირების ნებართვის გაცემა.
ამ მომენტისთვის საქართველოში 50 ელექტრომობილია.