თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ ხუნჩხაში, სადაც რამდენიმე დღის წინ სკოლის შენობაში ხანძარი გაჩნდა, სწავლის პროცესი არცერთი დღით არ შეწყვეტილა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახური.
სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ღუმელიდან სახურავს მოედო და შემდეგ მთელ სკოლაზე გავრცელდა. ხანძრის დროს სკოლაში არავინ იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად დაიწვა სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, სასწავლო პროცესი არცერთი დღით არ შეწყვეტილა. გაკვეთილების ჩასატარებლად გამოიყო სკოლის ახლოს მდებარე კეთილმოწყობილი, გარემონტებული შენობა… სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობა შექმნილია“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.