თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში საჯარო სკოლა დაიწვა. სკოლაში მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ღუმელიდან სახურავს მოედო და შემდეგ მთელ სკოლაზე გავრცელდა. ხანძრის დროს სკოლაში არავინ იმყოფებოდა.
„ამ შენობაში განთავსებული იყო სამი საკლასო ოთახი. ამასთან ერთად გვქონდა სათავსოები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და სპორტული დარბაზი… ორი წლის წინ სამინისტრომ გვაჩუქა ახალი მერხები, სკამები, რომლებიც ჯერჯერობით არ გვჭირდებოდა. ყველაფერი ეს ახალი განადგურდა“, — განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ გოჩა გელაძემ.
სკოლაში ორი სოფლის მოსწავლეები სწავლობდნენ.
სამცხე-ჯავახეთის განათლების რესურს-ცენტრში განმარტეს, რომ დაიწვა არა თავად სკოლა, არამედ მცირე ნაგებობა სკოლის ძირითადი შენობის გვერდით.
„ჩვენ სოფელში უკვე გამოვნახეთ გარემონტებული შენობა, სადაც განაგრძობს სწავლას ის 9 მოსწავლე, რომლებიც დამწვარ შენობაში სწავლობდნენ“, – აცნობა სააგენტო „ნოვოსტი–გრუზიას“ რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა.