თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში, საბაღე ცენტრ „გარდენიაში“ ხანძარი ლოკალიზებულია, უთხრა „Sputnik საქართველოს“ ცენტრის თანამშრომელმა.
"ხანძრის მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, მოკლე ჩართვა გახდა იმ შენობაში, სადაც ნერგების გადასატანი პლასტმასის ყუთები და ქოთნები ინახება. ცეცხლის კერა ქარიანმა ამინდმაც გააძლიერა", — განაცხადა „გარდენიას“ თანამშრომელმა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ხანძრის დროს „გარდენიაში“ ბავშვების ჯგუფი იმყოფებოდა, რადგან "გარდენია" სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად "მწვანე გაკვეთილებს" ატარებს, სადაც ბავშვები მცენარეებსა და მათი მოვლის წესებს ეცნობიან. ისინი ტერიტორიიდან დროულად გაიყვანეს, ისევე, როგორც "გარდენიას" მრავალრიცხოვანი სტუმრები.
ხანძრის შედეგად საბაღე ცენტრის ძირითადი შენობები და დეკორატიული მცენარეები არ დაზიანებულა.
ცეცხლმა დაახლოებით 80-100 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„გარდენია“ დეკორატიული მცენარეების საბაღე ცენტრია, სადაც შესაძლებელია ყვავილების შეძენა ბაღის, აივნის, ტერასის, სახლის ან ოფისისთვის. "გარდენიას" და იქვე გახსნილ პატარა კაფეს ყოველდღიურად ასეულობით თბილისელი და ტურისტი სტუმრობს.