თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ასაკოვანი ქალი მკვლელობაში ერთ–ერთმა ბრალდებულმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც 76 წლის ქალის სხეული დაანაწევრეს, მან მოკლულის გარკვეული ორგანოები შეჭამა, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
მკვლელობის შესახებ სამი კვირის შემდე გახდა ცნობილი, როდესაც ნათესავებმა ქალის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. გამოძიების ვერსიით, ხნიერი ქალი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ერთ–ერთი ბრალდებულის დაქირავებულ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში ნაგავსაყრელზე მიიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
„ჩვენებებში ასახული ინფორმაციის შედეგად, ერთ–ერთმა ბრალდებულმა, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებ, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ეჭვმიტანილების „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე აღმოჩენილია ფოტომასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ მკვლელობას რიტუალური ხასიათი ჰქონდა.
სასამართლო ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რადგან ერთ–ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. საქართველოს პროკურატურა საქმის ხუთივე ფიგურანტის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.
შსს–მ გახსნა პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი.
ქალბატონის მკვლელობაში ბრალი სამ ადამიანს — 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, 17 წლის გოგონასა და გარდაცვლილის 22 წლის ქალიშვილს ედება. კიდევ ორ ადამიანს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. როდესაც პოლიციამ უგზოუკვლოდ დაკარგული ქალბატონის ძებნის ოპერაცია დაიწყო, მან ქალბატონის საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერიდან ვიდეოფირები ამოიღო, რომელზეც დაფიქსირებული არ იყო ქალბატონის სახლიდან გასვლა. სწორედ ამ ფაქტმა დააეჭვა გამოძიება, რომ ქალი მოკლული იყო და მისი გვამი გადამალული.