თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. 10–20 ნოემბერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ტერიტორიაზე, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” გაიმართება, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც ნატოს სწავლებების სიაშია შეტანილი. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე წვრთნებია, რომელიც ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) გაიმართება.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა.
2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ალიანსში მის გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.