თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს რუსთავში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლება ხელისუფლების ნომერ პირველი პრიორიტეტია. ის მიესალმება, რომ მაღალი რეპუტაციის, არსებობის 27-წლიანი ისტორიის უნივერსიტეტი ფართოვდება.
„საქართველო თანდათან ყალიბდება, როგორც საერთაშორისო განათლების ჰაბი, ცენტრი — რეგიონული და არა მხოლოდ რეგიონული, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს დაინტერესებულია საქართველოში განათლების სისტემით. საქართველოში დღეს 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტია და აქედან ნახევარზე მეტი განათლებას სწორედ სამედიცინო მიმართულებით იღებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დიმიტრი ტვილდიანს მადლობა გადაუხადა, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, კონცეფცია პოლიცენტრული, ურბანული განვითარებაა. მან აღნიშნა, რომ მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქალაქებმა თავისი ნიშა მონახონ. ამ შემთხვევაში რუსთავისთვის ეს შეიძლება იყოს სამედიცინო და ზოგადად, განათლების მიმართულება.
ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი პირველ ეტაპზე მხოლოდ უცხოელი სტუდენტების მიღებას გეგმავს. სამომავლოდ კი, კამპუსში სწავლასა და ცხოვრებას ქართველი სტუდენტებიც შეძლებენ.
ახალი კამპუსის ტერიტორიაზე ასევე დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის ფილიალის გახსნაც იგეგმება.
რუსთავში მდებარე კამპუსი 400 სტუდენტზეა გათვლილი. აქ ერთად იქნება მოთავსებული სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი ოთახები და სპორტული მოედნები.