თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ნოემბრის თვეში თბილისის ზოოპარკი საფრანგეთიდან 11 ახალ ცხოველს მიიღებს.
წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.
2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ზოოპარკები ეხმარებიან.
თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრები დაიდებენ ბინას — 9 ბერბერული მაკაკასა და 2 ემუს ოვერნეს ზოოპარკიდან თბილისში 7 ნოემბერს, გამთენიისას, თვითმფრინავით გადმოაფრენენ.
თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა _ შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა 2015 წლის 13 ივნისის ღამით მოხდა.