თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზოოპარკში სამი თეთრი ლომი დაიბადა — ისინი ცნობილი ლომის ბოკვერის, თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული „შუმბას“ და-ძმები არიან.
ლომ „კლეოპატრას“ გართულებული მშობიარობა ჰქონდა, პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ვეტერინარებმა იყოჩაღეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
„კლეოპატრაც“ და ბოკვერებიც თავს კარგად გრძნობენ. დედა მონდომებით იცავს შვილებს… ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას. ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა“, — ნათქვამია ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიღუპა 280-ზე მეტი ცხოველი. სტიქიამდე ზოოპარკის ტერიტორიაზე სულ 1155 ინდივიდი ბინადრობდა.
ცოტა ხნის წინ თბილისის ზოოპარკს ახალი ცხოველები და ფრინველები შეემატა, შემოდგომამდე საჩუქრად კიდევ 50-ზე მეტ ცხოველს ელოდებიან.