პირველი სექსის წინა ღამის სიზმარი და საკერავი მანქანები

© FB/Mamuka Megrelishviliმამუკა მეგრელიშვილი
მამუკა მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

„ამაზე მეტი მეტისმეტია? ცა მინდა, ლაჟვარდი და სიმეტრია“ — ეს მამუკა მეგრელიშვილის ვერბალურ-ავანგარდული „ავტოპორტრეტია“. ძირითადად ტიხრულ მინანქარში მუშაობს. ნიჭიერი მხატვრის მიერ დამზადებული ზარდახშები ნამდვილი ხელოვნებაა… ორიგინალური და განსხვავებული ნამუშევრები აქვს და თვითონაც ასეთია: საინტერესო და მოულოდნელი. თავის დროზე სამხატვრო სასწავლებელი და მაშინდელი „გეპეის“ არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. „პირისპირ საუბრებში“ მამუკა მეგრელიშვილს შეხვდებით.

— მამუკა, ზარდახშების ისტორია როგორ დაიწყო და რატომ ზარდახშა და არა სხვა ნივთი?

— ჩემი ძირითადი სამუშაო მასალა მინანქარი იყო. ამ მასალას განუსაზღვრელი თვისებები გააჩნია. მომინანქრებული ზარდახშა კი კარგი იდეა იყო. ვქმნი კედლის მინანქრის ნახატებს, სამკაულებსაც ვაკეთებდი. თავიდან ჩემი ნამუშევრები, ვისგანაც ვისწავლე, იმისას ჰგავდა, მერე მის სტილს დაშორდა და უკვე მთლიანად ჩემი გახდა.

ძალიან შრომატევადი საქმეა: ყოფილა, ზარდახშა ერთ თვეში დამიმზადებია, ყოფილა —  შვიდი წელი მიკეთებია. შრომატევადი კია, მაგრამ სასიამოვნო პროცესია — განცხრომაა.

© FB/Mamuka MegreliSviliზარდახშა “ჩიტი ჯემალი“
ზარდახშა “ჩიტი ჯემალი“  - Sputnik საქართველო
ზარდახშა “ჩიტი ჯემალი“

 თავად რას ფიქრობთ, ვინ არის მამუკა მეგრელიშვილი?

— რა ვიცი… ჩემ ცხოვრებაში სულ ახალ-ახალი გამოხდომებია ხოლმე, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია თამამად ვთქვა, ის არის, რომ მხატვარი ვარ. წერა, უფრო სწორად, ფოტო-ნოველები მოგვიანებით გაჩნდა. სულ რაღაცას ვეძებ…

მოკლედ, მხატვარი ვარ და დანარჩენი სულ რაღაც შინაგანი ტვირთის გამოფენასავითაა.

— ტვირთისა რატომ, განა ეს უფრო სინათლე არ არის?

— ჩემი აზრით, ბედნიერებაც ტვირთია. ზოგადად, ყველაფერი ტვირთია, რაც ადამიანშია და რისგანაც გათავისუფლება დიდი სიამოვნება და ვნებაა. ამას მერე, დროთა განმავლობაში სწავლობ. ადამიანი არ იბადება ისეთი თავისუფალი, რომ ეს უკვე იცოდეს: სულიდან პირდაპირი კავშირი კალმამდე ასე ადვილად არ მოდის…

© FB/Mamuka Megrelishvili13 ივნისის წყალდიდობისას „შემოხატული“ სურათი
13 ივნისის წყალდიდობისას „შემოხატული“ სურათი - Sputnik საქართველო
13 ივნისის წყალდიდობისას „შემოხატული“ სურათი

— თქვენ ახსენეთ ცხოვრებისეული გამოხდომები, რომელია მათგან ყველაზე უცნაური და აუხსნელი?

— აი, ლექსი ყველაზე უცნაური გამოხდომაა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს რამეს დავწერდი. მერე კი წამოვიდა და წამოვიდა საკმაოდ ბევრი ლექსი. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ფასეულია, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი ამბავი იყო…

ცხოვრების გამოხდომები რომ ვახსენე, ისიც ვიგულისხმე, რომ ეს თემები ცხოვრებაში თავისით და სხვადასხვა დროს ჩნდება. ამიტომ ჩემი ერთი ნახატი მეორისგან ძალიან განსხვავებულია და ორივე ერთი ავტორისა თუ არის, ამის გამოცნობა უჭირთ.

— დავაკვირდი, რომ თქვენ ბევრ ნახატში ჩანს საკერავი მანქანა და, არა მგონია, ეს შემთხვევითი იყოს.

— დიახ, მაქვს „საკერავი მანქანების“ სერიები. საქმე ისაა, რომ დედაჩემი იყო მკერავი და საკერავ მანქანებში გავიზარდე — მთელი ცხოვრება მათ ვუყურებდი. შეიძლება ითქვას, რომ საკერავი მანქანა ჩემთვის დედასავითაა.

© FB/Mamuka Megrelishviliსაკერავი მანქანა - უტიხრო მინანქარი, სპილენძი, ტყავი, ხე
საკერავი მანქანა - უტიხრო მინანქარი, სპილენძი, ტყავი, ხე - Sputnik საქართველო
საკერავი მანქანა - უტიხრო მინანქარი, სპილენძი, ტყავი, ხე

— თემაზე „დედა, საკერავი მანქანა და მე“ ბავშვობიდან რაიმე მოგონება არ წამოვიდა?

— ახლა უცებ ერთი ამბავი გამახსენდა: ჩხირკედელაობა ბავშვობაშიც მიყვარდა (რაც, მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ მინანქარზე მუშაობის ნაწილიცაა). ერთხელ დედას საკერავი მანქანა დავუშალე იმის გამო, რომ მენახა შიგნით რა იყო. მერე ის მამაჩემმაც ვერ გააკეთა და ხელოსანი დასჭირდა. ეს საკერავი მანქანა ახლაც დგას სახლში და მუშაობს. ვერ ვიტან არამუშა მდგომარეობაში მყოფ საკერავ მანქანებს!..

— უკვე წერაც დაიწყეთ და საინტერესო თემები ამ ნაწერებშიც გაჩნდა, მაგალითად, „სიზმარი“…

— დიახ, ერთი მათგანი სიზმრის თემაზეა:

„რა დამავიწყებს, ბავშვობაში დასიზმრებულ კოშმარებს, რასაც ბიძის და ბაბუის გარდაცვალება მოჰყვა მალე. ან კიდევ ოცდაერთი აპრილის ღამის შფოთსა და ბორგვას, როცა მეორე დღეს პიონერთა რიგებში უნდა მივეღეთ და იძულებული ვიყავი, დროშისთვის მეკოცნა… ან პირველი სექსის წინა ღამის სიზმარს, სადაც ყველაფერი გაიფურჩქნა, ყვავილები, ხეები, უსულო საგნები, მოკლედ, ყველაფერი, რასაც კი თვალი მისწვდა… დაუვიწყარ ღამეს რა დამავიწყებს, როცა ბოლოჯერ ვნახე სიზმარში ჩემი უკუღმართი, არეული ცხოვრების დასასრული… სულ ახლახან… და წუხანდელს, სადაც კალეიდოსკოპივით იცვლებოდა კადრები, უამრავი ხალხი უამრავ კადრში, ნაცნობი თუ უცნობი, დახურულ სივრცეში თუ ღია ცის ქვეშ, უამრავი ფერით და ხმით, ბევრი მზითა და ჩრდილით… და რომ გამეღვიძა, თითქმის ბნელოდა ისევ, წამოვდექი და ფარდა გადავწიე. სარკმელში უმზეო შუქს ნაწვიმარი, ნესტიანი გიორგობისთვე მოჰყვებოდა… ნოყიერი ნოემბერი ჭავლით შემოედინებოდა…“

— კარგი იყო. ემოციურ სიზმრებს გისურვებთ…

ყველა ახალი ამბავი
0